"პირველადი ჯანდაცვა საქართველოში, ვერანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებს" - ასე ფიქრობს ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი და პირველადი ჯანდაცვის რგოლში ფინანსური ხარვეზების არსებობაზე საუბრობს. სფეროს სპეციალისტების თქმით, არსებული ფინანსური მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ გეგმური ამბულატურიის კომპონენტზე გაწეული ხარჯების პროდუქტიულობას. ასევე მთავარ პრობლემად ასეხელებენ პაციენტების საშუალო მაჩვენებელს ოჯახის ექიმთან მიმართებაში. კერძოდ კი, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 1 ექიმზე 2 ათას პირს, ხოლო ზოგიერთ უბანზე 10 ათასსაც კი აღწევს. ამასთან, ექსპერტები, ოჯახის ექიმის რეალური ფუნქციის დაკარგვაზე საუბრობენ და ამაში სახელმწიფოს ადანაშაულებენ. მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს უუნარობამ და კონტროლის მექანიზმის არარსებობამ გამოიწვია ჰოსპიტალურ სექტორში ხარჯების მატება, სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. ექსპერტების გარდა, პირველად ჯანდაცვაში, მომსახურების არაეფექტურობასა და ხარვეზებზე პაციენტებიც საუბრობენ. მოქალაქეები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოჯახის ექიმის დაბალ კვალიფიკაციას ასახელებენ, რაც აუარესებს მიწოდებულ ხარისხს, ზრდის სხვადასხვა ექიმთან გადამისამართების რიცხვს და შესაბამისად, ჯიბიდან გადახდის ოდენობას.