კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფს შეხვდა, რომელიც სპეციალურად გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეზების შესწავლისა და მათი აღმოფხვრის გზების ძიების მიზნით შეიქმნა. როგორც პალიტრანიუსს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს, განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით, ვინაიდან, როგორც შეხვედრაზე გაირკვა, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია.