ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15 წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედრის სპეციალიზებულ ავტომანქანაში მოთავსება დაახლოებით, 11:00 საათზე მოხდა, ცხედარი კი ბიუროში რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმით დადასტურებულია.
„მთავარი“ არხი“ არ გამორიცხავს, რომ პოლიციის მანქანით ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროს ნაცვლად, შესაძლოა, თავდაპირველად სხვა მისამართზე მიესვენებინათ. მათივე ცნობით, ლაშქარავას სახლიდან გასული მანქანა ექსპერტიზის ბიუროსთან 1 საათსა და 15 წუთში მივიდა, რადგან ბიუროში ავტომობილის შესვლა კამერებმა სწორედ ამ დროში დააფიქსირეს.