დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული მოწყობის, მენეჯმენტის სრულყოფის, ეკოტურიზმის განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. პროექტი გერმანიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელდება. სამინისტროში ამბობენ, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების განვითარებას. უწყებამ ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები და ამოცანები წარმოადგინა. სამინისტროს ცნობით, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა კონკურენტიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებთან ადაპტაცია. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტიანი სისტემების განვითარებაზე.