მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება - წმინდა სინოდის სხდომის გამართვამდე 2 დღით ადრე საპატრიარქოში შექმნილი ვითარებასთან და პატრიარქის მოსაყდრის სტატუსთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი განცხადებას აქვეყნებს. 19 ივნისს ფოთის ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა, სადაც განხილვა სხვა საკითხებთან ერთად ამ საკითხსაც შეეხო. მეუფე გრიგოლის განცხადებას ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს სადაც ნათქვამია შემდეგი: „მას შემდეგ, რაც დასახელებულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრე, ეკლესია აღმოჩნდა უჩვეულო მოლოდინის რეჟიმში; ამის ლოგიკური გაგრძელებაა კულუარული თუ მედია სივრცეში გამართული საუბრები და ინტერპრეტაციები იმის შესახებ თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი, როგორია სინოდში ძალთა გადანაწილება და ა.შ. რაც ცოცხალი პატრიარქის პირობებში, ერთი მხრივ, დიდ უხერხულობას ქმნის. ზემოთ აღნიშნული და რიგი სხვა საკითხებისა, ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ წარმოდგენებს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და იწვევს გარკვეულ წუხილსაც. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ეკლესია, მრევლი მუდმივად იმყოფება ერთგვარ სტრესულ მდგომარეობაში, გაურკვეველი მოლოდინის რეჟიმში. სამწუხაროდ, მოარული ხმებით პერიოდულად ვრცელდება ხოლმე აზრი, თითქოს, სინოდში მდგომარეობა ისეა დაძაბული, რომ ეკლესია შეიძლება განხეთქილების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. წმიდა სინოდის წევრთა შორის რიგ საკითხებზე მართლაც არსებობს ურთიერთგანსხვავებული შეხედულებები სხვადასხვა თემატურ საკითხში, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია “- ნათქვამია განცხადებაში.