ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძესა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ტიკარაძის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირების განსახლება და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სამინისტროს დაქვემდებარებაში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იქმნება.
სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 2000-2500 ოჯახს დაუკანონდება. ასევე, მომდევნო წელს, უსაფრთხო გარემოში 250-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება.