ეგზიტპოლების თანახმად, ნიდერლანდებში ჩატარებულ არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს პარტია ლიდერობს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, Ipsos-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, მარკ რუტეს „სახალხო პარტია“ 150-ადგილიან პარლამენტში 36 მანდატს მიიღებს, რაც სამით მეტია მანდატების იმ რაოდენობაზე, რასაც პარტია ამჟამად ფლობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარკ რუტეს სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების და თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ეძლევა. მეორე ადგილზე პარტია „დემოკრატები 66“-ია, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, საკანონმდებლო ორგანოში 27 მანდატი მოიპოვა, 17 მანდატი მოიპოვა პარტიამ „პარტია თავისუფლებისთვის“, „ქრისტიანულ-დემოკრატიული მოწოდება“ კი მეოთხე ადგილზეა 14 მანდატით.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ საღამოს 7:45 საათისთვის დაახლოებით 74 პროცენტი შეადგინა.