მართალია, ევროპულ ფოლკლორში ტურა ნაკლებად სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხშირად, მლიქვნელ, გაქნილ ადამიანსაც სწორედ მას ადარებენ, მაგრამ ევროპელებისგან განსხვავებით, ეგვიპტელები ყოველთვის განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ ცხოველს, რომელსაც გარდაცვლილთა სულების მფარველად მიიჩნევდნენ, მიცვალებულთა სამეფოს ღმერთს ანიბუსს კი, ტურას თავით და ადამიანის ტანით გამოსახავდნენ. საკუთარი თქმულებები აქვთ კავკასიელებსაც, რომლებიც საკმაოდ ახლოს იცნობენ სახელგატეხილ მტაცებელს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ცხოველის სასოწარკვეთილი კივილი სწორედ ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც ორი ტურა მიიჩვია, ერთი შეიყვარა და ძაღლად აქცია, მეორე კი, სახლიდან გააგდო და ისიც, სამუდამოდ ტურად დარჩენილი სწორედ კივილით გამოხატავს საკუთარ წყენას.