რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა. „ეფესბეს“ ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს. „16 აპრილს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი - სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან,“- აცხადებენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში. მათივე განცხადებით, „ეს საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური თანამშრომლის სტატუსთან და რუსეთის ფედერაციის მიმართ აშკარა მტრულ ხასიათს ატარებს. ” „ეფესბეს“ განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს.