ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, ნენსკრას ქვესადგურისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს.
აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის შედგა. შეთანხმების თანახმად, მომდევნო თვეში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც პროექტის შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობასთან პოსტკრიზისულ პერიოდშიც აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, ქვეყნის განვითარებისკენ მიმართული მიმდინარე ერთობლივი პროექტები კი შეუფერხებლად განხორციელდება.