„ეარბასს“ აგვისტოში გაყიდვები შეუმცირდა, რაც რა თქმა უნდა, კორონავირუსის პენდემიის გამო, ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის შედეგია. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროპული აეროკოსმოსური გიგანტი მაინც უსწრებს თავის უშუალო კონკურენტს ამერიკიდან - „ბოინგს“.
„ეარბასმა“ გამოაცხადა, რომ თავის კლიენტ ავიაგადამყვანებს აგვისტოში 39 ცალი ლაინერი მიაწოდა. ერთი თვით ადრე, კომპანიის მიერ მიწოდებული თვითმფრინავების რიცხვი 49 იყო, შარშან აგვისტოში კი - 41. გაყიდვების დაახლოებით მეოთხედი მოდის ისეთ დაბალბიუჯეტიან კომპანიებზე, როგორებიცაა ინდური „ინდიგო“ და უნგრული „ვიზეარი“.
შედარებისთვის, „ბოინგმა“ ავიაგადამყვანებს მხოლოდ 13 სამგზავრო თვითმფრინავი მიაწოდა. მის გაყიდვებზე კვლავაც მძიმედ აისახება ლაინერ 737 MAX-ის ორი ფატალური ავარია, რომლებსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ორივე კომპანია შემცირებული სიმძლავრით მუშაობს, რადგან პანდემიის გამო, ავიაგადაზიდვები მკვეთრად არის შემცირებული. გადამყვანები უზარმაზარ ზარალს განიცდიან და რეისების კლების გამო, ახალ თვითმფრინავებზე მოთხოვნაც ნაკლებია.