ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავას ოღლის" ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, გააკეთონ ისეთი განცხადება, რომლის მიხედვით, ”ლავას ოღლის” და შსს-ს მიერ რამდენიმე დღის წინ დაკავებული პირების კავშირი არ დასტურდება. როგორც ალექსანდრე კობაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს პირები და გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს ”ლავას ოღლისთან” კავშირი აქვთ.ადვოკატის თქმით, ეს არის დეზინფორმაცია და კავშირის თაობაზე მტკიცებულებაც არ არსებობს.„მოგეხსენებათ, შსს აწარმოებს კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს, რის საფუძველზეც გარკვეულ ადამიანებს აკავებენ. თუმცა, სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ის ადამიანები რაიმე ფორმით დაკავშირებული არიან მინდია გორაძესთან, იგივე ”ლავას ოღლისთან”, გახლავთ დიდი აბსურდი და ჭორი, საქმეშიც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. მით უმეტეს, პროკურატურა არ გვედავება და ფიზიკურად ვერ მოგვედავება, რომ მინდია გორაძეს რაიმე კუთხით შემხებლობა ჰქონდა ამ ადამიანებთან. გავრცელებული ინფორმაცია კავშირის თაობაზე არის დეზინფორმაცია. ამიტომ, საზოგადოებას და მედიას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებისგან. შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ისეთი განცხადება, რაც არის რელევანტური და ეყრდნობა ფაქტებს. ჭორის დონეზე ნუ საუბრობენ, თითქოს ”ლავას ოღლის” რაიმე შემხებლობა აქვს იმ პირებთან, რომლებიც ამ დღეებში დააკავეს. ასევე საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ თითქოს ”ლავას ოღლის” ყველა კრიმინალურ დაჯგუფებასთან და ა. შ. რაიმე ფორმით კავშირი აქვს, ეს ასე არ არის. იმედი მაქვს, რომ შსს გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და დადასტურდება, რომ პირებს, რომლებიც თბილისსა და კახეთში დააკავეს, არანაირი კავშირი არ აქვთ ”ლავას ოღლისთან”, - განაცხადა ადვოკატმა.ამასთან, კობაიძის თქმით, ”ლავას ოღლის” სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მის მიმართ საქმის წარმოება არ დასრულებულა. რაც შეეხება კითხვას, როდესაც ”ლავას ოღლი” იმყოფებოდა საქართველოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როგორ დატოვა მან ქვეყანა მაშინ, როცა მისი სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ადვოკატის განმარტებით, როცა საქმე სასამართლოში მიდის, ბრალდებულს ქვეყნის დატოვების თაობაზე პროკურატურითს ნებართვა არ სჭირდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ”ლავას ოღლის” მიერ ქვეყნის დატოვების თაობაზე სახელმწიფო ინფორმირებული იყო.„როდესაც ”ლავას ოღლი” დააკავეს, მან 9 თვე უკანონოდ დაჰყო პატიმრობაში, ხოლო როდესაც ბოლო დღეები იყო დარჩენილი, მას ახალი ბრალდება წაუყენეს, რომელიც პროკურატურის შეურაცხყოფას გულისხმობდა. ამ დანაშაულზე ის გაასამართლეს და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გარდა იმისა, რომ ”ლავას ოღლი” 9 თვე უკანონოდ იხდიდა სასჯელს, მან ეს 1 წელიც მოიხადა, გამოვიდა, რომ მას სხვა დანაშაულს არც ედავებოდნენ, ვინაიდან არ ჩაუდენია. რაც შეეხება ”კანონიერ ქურდობას”, ამაზე საქმე დამთავრებული არ არის და კიდევ მიმდინარეობს საქმის წარმოება“, - განაცხადა ადვოკატმა.შსს-მ ორი დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად "ჩიკი", "ბუბა", "ამბერგუნა" და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. სამინისტროსვე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ "ლავას ოღლისთან", "კაკო ტბილისკისთან", "ტოტორინისთან", "ენცოსთან" და სხვა.