სახელმწიფო აუდიტმა სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად აუდიტი ჩაატარა. შემოწმების შდეგად გამოვლინდა, რომ სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამასთან უმეტეს კლინიკაში არ სრულდება სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის ცალკეული მოთხოვნები, მაგალითად, დარღვეულია სამედიცინო ინსტრუმენტების დეზინფექციისა და სტერილიზაციის უზრუნველყოფა. აღნიშნულ პრობლემებს ადასტურებენ სტომატოლოგთა ასოციაციაშიც.
ზურაბ ალხანიშვილის თქმით ეგრე წოდებული B კატეგორიის აუტოკლავი, რომელის საშუალებითაც წესით სამედიცინო ინსტრუმენტების სტერილიზაცია უნდა მოხდეს, სულ მცირე 2 000 ევრო ღირს, რომლის შეძენასაც, მაღალი ფასის გამო, კლინიკების ნაწილი ერიდება. აუდიტის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს. ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით პაციენტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის. ამასთან სტომატოლოგიური კლინიკები იმდენად სრაფად იხსნება და იხურება, რომ პრეტენზიების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს კლინიკის მიკვლევაც კი გაუჭირდეს. აუდიტის სამსახურის შეფასებით, საქმიანობის დაწყების ეტაპზე სტომატოლოგიურ კლინიკებში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შემოწმება, შექმნის შესაძლებლობას, რომ საწყის ეტაპზე იყოს აღმოჩენილი დარღვევები, რაც ხელს შეუწყობს როგორც პაციენტების უსაფრთხოებას, ასევე ინფექციის გავრცელების კონტროლსა და პრევენციას.