აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის შუალედში, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, პასკა და ჯეჯილი.
ამ დღეს ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება და ყველა სახლის კარი ღიაა სტუმრისთვის. ადამიანები უდიდესი სიხარულით აღნიშნავენ მაცხოვრის აღდგომას.
მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა, მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სანელებლებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპური, ლობიანი და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმევა — რომელიც ქრისტეს სისხლის სიმბოლოა.
წითელი კვერცხი – აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა. იგი სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს ღებავენ, ნიშნად ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლისა.
გადმოცემის თანახმად წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა. ტიბერიუსმა უპასუხა, მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეიცვალა. მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფხვნილი არსებობს, კვერცხის შეღებვის ყველაზე ნაცად და გამართლებულ საშუალებად დღემდე ენდრო და ხახვის ფურცელი რჩება. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ენდრო კვერცხს განსაკუთრებულ გემოს და არომატსაც ანიჭებს.
ჯეჯილი
ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი.
ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.
მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.
პასკა
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ მაცხოვრის აღდგომის რწმენის ნიშნად. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც აწამეს და ჯვარს აცვეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პასკის შეძენა ბევრგან შეიძლება, შინ გამომცხვარს სულ სხვა გემო და ხიბლი აქვს. პროცესი საკმაოდ შრომატევადია, თუმცა, დღესასწაულის განცდას ამძაფრებს. შედეგი კი იმდენად სასიამოვნოა, წვალებად ნამდვილად ღირს.
გთავაზობთ, პასკის გემრიელ რეცეპტს. მოვამზადოთ ცომი.ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.
კარაქი, მარილი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და სანელებლები. როცა ცომი აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი.
ცომი დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად. მესამედ რომ აფუვდება, ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.
იმისათვის, რომ ცომში ქიშმიში და მშრალი ხილი კარგად განაწილდეს, წინასწარ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევურიოთ ცოტა ფქვილი.