ძალადობენ თუ არა მეთაურები წვევამდელებზე - ჯარისკაცის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე პროკურატურა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგოზე უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტით ინტერესდება. ბექა რუსიას ოჯახის წევრები მის საგუშაგოზე გარდაცვალებას სკანდალურ ვიდეომასალას უკავშირებენ და განმარტავენ, რომ შესაძლოა ხელმძღვანელობამ ის როგორც მოწმე მოიშორა. გარდაცვლილი წვევამდელის, საცხოვრებელ სახლში პროკურატურის გამომძიებელი იმყოფებოდა. ოჯახის ადვოკატი აცხადებს რომ საქმის ახალი დეტალების გაჟღერების შემდეგ, მას ანონიმები ემუქრებიან.
ცნობისთვის აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მეთაურის იარაღით მოკლული ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში მშობლებმა ვიდეო აღმოაჩინეს, სადაც ჩანს როგორ უსწორდებიან საგუშაგოზე ერთერთ ახალგაზრდას და შემდეგ ხევში აგდებენ. ამ დრომდე ბურუსით მოცულია უკავშირდება თუ არა რუსიას დაღუპვა ამ სკანდალურ ვიდეომასალას. ოფიციალური ინფორმაციით, ის გვერდით მდგომი წვევამდელის შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. 19 წლის ბიჭის დედა გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილის ნამდვილ მკვლელს პროკურატურა მფარველობს.