ამერიკელმა ფილანტროპმა, მილიარდერმა და დაუბეგრავი ვაჭრობის მაღაზიათა ქსელის Duty Free Shoppers-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჩარლზ ფინიმ მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 89 წლის ფინი, რომელმაც 1960 წელს კომპანია Duty Free Shoppers-ი რობერტ მილერთან ერთად დააარსა და მრავალმილიარდიანი ქონება დააგროვა, მოკრძალებულად ცხოვრობდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 40 წელი ფინიმ სულ ცოტა 8 მილიარდი დოლარი შესწირა სხვადასხვა ტიპის ქველმოქმედებას. ამასთან, როგორც Forbes-ი აღნიშნავს, მის მიერ გადარიცხული ფულადი სახსრები მის ამჟამინდელ ქონებას რამდენჯერმე აღემატება. თანაც აღსანიშნავია, რომ ის თანხას ანონიმურად სწირავდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ უწოდა მას Forbes-მა ფილანტროპიის ჯეიმს ბონდი.