ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ "დოპელმაიერის" ექსპერტ-ინსტრუქტორები და ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს დამატებით შეამოწმებენ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოში გაივლიან გადამზადების კურსს.
მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული გადამზადების პროცესში, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში შესაბამის ქმედებებს გულისხმობს, სპეციალურ სიმულატორს გამოიყენებენ, რომელსაც „დოპელმაიერი“ ჩამოიტანს.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოწვევით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ასევე კომპანია „ლაიტნერის“ წარმომადგენლებიც ჩამოვლენ, რომლებიც ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს შეამოწმებენ და „დოპელმაიერის“ მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს. ქართული მხარის ინიციატივით, ასევე იგეგმება „პომას“ წარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.