დონორები ავღანეთის დასახმარებლად, რომელიც „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ სიღარიბისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, 1.1 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ, ჟენევაში გამართულ გაეროს კონფერენციაზე გახდა ცნობილი. შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ ავღანეთისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 64 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, დამატებით 11.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის გეგმის შესახებ განაცხადა ნორვეგიამ. კონფერენციაზე, ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ავღანეთის დახმარების მთავარი პასუხისმგებლობა დასავლეთის ქვეყნებს ეკისრებათ. კონფერენციის დასაწყისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთში ყველაზე აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტია საჭირო.