თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული „დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული უკრაინის 4 მოქალაქე - ალექსანდრე ნოვიკოვი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო და როლანდ მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, დიმიტრი კურაგინსა და სერგეი კლადკოს, მათი საქმე აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქე 2018 წლის 2 დეკემბერს დააკავა. გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს. სასამართლო პროცესებს პერიოდულად უკრაინის რადას დეპუტატებიც ესწრებოდნენ.