ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნას "ბრექსითის" გადავადების შესახებ.
როგორც დონალდ ტუსკი "ტვიტერში" წერს, "ბრექსითის" გადავადება საჭიროა იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ევროპული ბლოკიდან გასვლა.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს "ბრექსითის" გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა 20 ოქტომბერს გაუგზავნა. გადავადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნას პრემიერ-მინისტრს კანონმდებლობა ავალდებულებდა მას შემდეგ, რაც თემთა პალატამ "ბრექსითის" გადავადებას დაუჭირა მხარი.
BBC-ს სანდო წყარომ განუცხადა, რომ თუ ევროკავშირი "ბრექსითის" გადავადებას დაუჭერს მხარს, პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.