აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატებისთვის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა.
რეკომენდაციების თანახმად, შტატებმა გეგმის განხორციელება და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მას შემდეგ უნდა დაიწყონ რაც 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების "დაღმავალი ტრაექტორია" დაფიქსირდება.
რაც შეეხება გეგმას, დონალდ ტრამპის განმარტებით, ის შემდეგ სამ ეტაპს მოიცავს: პირველი ეტაპის დროს იზღუდება 10 ადამიანზე მეტის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის სათანადო დისტანცია არ იქნება დაცული; გარდა ამისა, საავადმყოფოებს საშუალება მიეცემათ, ამბულატორიული არჩევითი ქირურგიული ოპერაციები განაახლონ. მეორე ეტაპის პერიოდში შეიზღუდება 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანცირების ნორმები არ იქნება დაცული; გაიხსნება სკოლები და ახალგაზდული ბანაკები. მესამე ეტაპი კი გულისხმობს სამუშაო ადგილებზე პერსონალის შეუზღუდავად გამოცხადებას.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 678 000 მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 34 000-მდე ადამიანი.