აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის გეგმა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" პენტაგონის პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გეგმა დონალდ ტრამპს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა ორშაბათს წარუდგინა.
"წინადადება, რომელიც დამტკიცდა, ხელს შეუწყობს რუსეთის შეკავებას, გააძლიერებს ნატოს, გააუმჯობესებს აშშ-ის სტრატეგიულ მოქნილობას და იზრუნებს ჩვენს ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.
ჯერჯერობით უცნობია, სად განთავსებიან გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცები. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდათან, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გერმანიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების ნაწილი, შესაძლოა, პოლონეთში გააგზავნონ. ამჟამად გერმანიაში 34 000 ამერიკული სამხედრო იმყოფება.