ვფიქრობ, "დიდი რვიანის" შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის განმარტებით, ბევრი საკითხი, რასაც "დიდი რვიანის" ქვეყნები განიხილავენ, რუსეთთან ერთად უნდა განხორციელდეს.
"თუკი ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, მე ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მექნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ ობამას "ჭკუაში მოატყუა", რის გამოც ობამამ რუსეთის "დიდი რვიანიდან" გაძევება მოინდომა.
შეგახსენებთ, რომ ეს დონალდ ტრამპის მიერ მსგავსი პოზიციის დაფიქსირების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. გასული წლის ივნისში, "დიდი შვიდიანის" სამიტის წინ მან განაცხადა, რომ რუსეთი ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდა.
"დიდი რვიანის" წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერები სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.