აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მან 25 ივლისის სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ ისაუბრა.
"საუბარი ძირითადად, მილოცვის ხასიათს ატარებდა. ვისაუბრეთ კორუფციაზეც და აღვნიშნე, რომ არ გვსურს ჩვენი ხალხი, ისეთები როგორიც ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟია, უკრაინაში ისედაც არსებულ კორუფციას უწყობდნენ ხელს", - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიძიებდა ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს. საუბარია იმ უკრაინელი პროკურორის სამსახურიდან გათავისუფლებაზე, რომელიც ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში ბიზნესგარიგებების საქმეს იძიებდა.
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი გამოძიება დაადგენს ტრამპის მიერ ზეწოლას, ტრამპის იმპიჩმენტი გარდაუვალი იქნება.