ვულოცავ სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მრავალი სიცოცხლე გადარჩება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოეხმაურა. შეთანხმება ძალაში დღეს დილიდან ამოქმედდება.
პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევის გამო ის თავისი გუნდით ამაყობს.
„ვამაყობ ჩემი გუნდით - სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოთი, სტივ ბიგანითა და ეროვნული უშიშროების საბჭოთი - ამ გარიგების მიღწევის გამო,“- წერს დონალდ ტრამპი. მედიის ინფორმაციით, მანამდე დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ ლონდონბერიში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტს „ადვილად გამოასწორებს.“