რეჯეპ თაიფ ერდოღანთან ძალიან შესანიშნავი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგასთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ შეხვედრაზე თურქეთის მხრიდან რუსული სუ-400-ის შეძენის საკითხს გადაჭრიდნენ.
"თურქეთის მიერ რუსეთიდან სუ-400-ის შესყიდვა ჩვენთვის ძალიან სერიოზული გამოწვევაა და ამის შესახებ მუდმივად ვსაუბრობთ. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ დღეს და ვისაუბრებთ მომავალში. იმედი გვაქვს, სიტუაციის მოგვარებას შევძლებთ", - განაცხადა ტრამპმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა კი აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ნიბისმიერი უთანხმოება მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას. მისივე თქმით, თურქეთი აშშ-ის საუკეთესო პარტნიორია, რომელიც მას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
შეგახსენებთ, თურქეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" დაწყებამ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.