აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების 30 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
"სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს. ამიტომ გაიდლაინებს ვახანგრძლივებთ, არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ, სანამ ამ გამარჯვებას მიაღწევ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა აშშ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ვირუსზე გამარჯვვების გზაა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ თუკი ამ ყველაფერს არ განახორციელებდა, შესაძლო იყო, 2,2 მილიონი ადამიანი დაღუპულიყო.
"ახლა კი გაცილებით მცირე რიცხვი გვექნება". - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა, ქვეყანა აღდგომამდე, ანუ აპრილის შუა რიცხვებამდე გახსნილიყო და ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდა. პრეზიდენტის ამ განცხადებას ქვეყნის შიგნით მწვავე კრიტიკა მოჰყვა.