აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერს ტრადიციული ყოველწლიური სიტყვით არ მიმართავს მანამ, ვიდრე ე.წ შათდაუნი არ დასრულდება და ქვეყნის მთავრობა სრულად არ აღადგენს მუშაობას. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ტვიტერის გვერდზე დაწერა. შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველწლიური მიმართვა დროულად და გეგმისამებრ კონგრესში გაიმართებოდა. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჯერ მთავრობამ უნდა განაახლოს მუშაობა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონგრესმა ყოველწლიურ მიმართვას უმასპინძლოს. მიმართვა 29 იანვარს იყო დაგეგმილი. შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობას უკვე 34-ე დღეა მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებული აქვს. მიზეზი კონგრესის წევრების უთანხმოებაა. კერძოდ, ტრამპი ითხოვს რომ მიგრანტების შესაჩერებლად მექსიკის კედლის მშენებლობისთვის თანხა გამოიყოს, რასაც კონგრესმენთა ნაწილი მხარს არ უჭერს.