აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს პირისპირ შეხვედრას სთავაზობს, რათა ჰონგ-კონგში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი განიხილონ. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ტვიტერზე დაწერა, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სი ძინპინი ჰონგ-კონგის პრობლემას ჰუმანურად მოაგვარებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულ სავაჭრო კავშირებზეც.
"ათასობით კომპანია ტოვებს ჩინეთს, რა თქმა უნდა ჩინეთს სურს შეთანხმება. თავდაპირველად მივცეთ მათ ჰონგ-კონგითან ჰუმანურად მუშაობის შესაძლებლობა", - დაწერა ტრამპმა.
ტრამპის კომენტარი ჰონგ-კონგში რამდენიმეკვირიან მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა. დემონსტრანტები თავდაპირველად ექსტრადიციის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, რაც შესაძლებელს ხდის ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ადამიანების ექსტრადიციას.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონით ჩინეთის კონტროლიჰონგ-კონგზე, რომელიც ჩინეთისგან განსაკუთრებული ავტონომიით სარგებლობს, იზრდება.