დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ევროპულ პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს. ვაშინგტონი ამას იმ სუბსიდიების საპასუხოდ აკეთებს, რომლითაც ევროკავშირი Airbus-ს ეხმარება. BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ Airbus-ისთვის დაწესებული სუბსიდიები აშშ-ზე უარყოფით გავლენას ახდენს. თვითმფრინავები და ყველი იმ პროდუქციას შორისაა, რომლებსაც ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფები შეეხებათ. ბრიტანულ გამოცემაში ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის მიერ გადადგმული აღნიშნული ნაბიჯები აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობას გაამწვავებს. აშშ-მ გასულ წელს მსგავსი ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე დააწესა, სანაცვლოდ, ევროკავშირმაც შემოიღო დამატებითი გადასახადი ამერიკულ პროდუქციაზე, მათ შორის, ბურბონის ვისკიზე, მოტოციკლებსა და ფორთოხლის წვენზე.