ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოგდო. ამის შესახებ აშშ_ის პრეზიდენტი დოლად ტრამპი აცხადებს. მისი თქმით, ეს იყო თავდაცვითი ნაბიჯი მას შემდეგ, რაც დრონი მათ გემს დაახლოებით 1 კილომეტრის რადიუსში მიუახლოვდა. თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, რომ დრონი მიუხედავად არაერთი მოწოდებისა არ გაჩერდა, ამიტომაც იგი საფრთხეს უქმნიდა ამერიკულ გემებს და მათ ეკიპაჟის წევრებს. შედეგად მისი განადგურება გადაწყვიტეს.
"ეს არის ბოლო პროვოკაციული და მტრული ქმედება ირანის მხრიდან საერთაშორისო წყლებში მოქმედი ლაინერების წინააღმდეგ. აშშ იტოვებს უფლებას დაიცვას თავისი პერსონალი, ტრანსპორტი და ინტერესები", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ ირანმა განაცხადა, რომ დააკავა გემი, რომელსაც ნავთობის კონტრაბანდა გადაჰქონდა. თუმცა, უცნობია ვის ეკუთვნოდა ტანკერი. ბოლო პერიოდში მსგავსი ინციდენტების გამო რეგიონში სამხედრო კონფლიქტის დაწყების საფრთხე გაჩნდა.