დიორის კრუიზ კოლექციის პრეზენტაცია ათენში მოეწყობა. ამ დრომდე უცნობი იყო ჩვენების გამართვის ზუსტი ადგილი. მარია გრაცია ქიური ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილ თავის მომდევნო კოლექციას 17 ივნისს, საღამოს 9 საათზე პანათენაიკის სტადიონზე წარადგენს.გავრცელებულ წყაროებზე დაყრდნობით, სტადიონი თავდაპირველად ქრისტეს შობამდე დაახლოებით 330 წლით ადრე აიგო. მოგვიანებით, ჰეროდე ატიკუსმა 50,000 ადგილიანი სტადიონი მთლიანად განაახლა მარმარილოთი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ადგილას გაიმართა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბერძნული კულტურა ფრანგული მოდის სახლის ყურადღების ცენტში მოექცევა. 70 წლის წინ, ბრენდის დამაარსებელმა კრისტიან დიორმა 1951 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურის კოლექციის წარდგენისას გადაღება სწორედ ათენში, აკროპოლისის ფონზე მოაწყო.