რუსეთი არ დაუშვებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ან სხვა ქვეყანამ „ძალის პოზიციიდან" ესაუბროს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ამერიკელები ახლა მანტრასავით იმეორებენ: ჩვენ ყველას დაველაპარაკებით ძალის პოზიციიდან. არც პუტინი და არც სხვა ვინმე რუსეთის ხელმძღვანელობიდან ამერიკელებს ან ვინმე სხვას ჩვენთან ასე საუბრის საშუალებას არ მისცემს. ეს გამორიცხულია”, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, პესკოვმა უპასუხა, რომ მას ”ექსტრემალურ სცენარებზე” საუბარი არ სურს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა: „დიახ.“
აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.