დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
თბილისის მერიამ დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის სახელმწიფო შესყიდვა 11 ივნისს გამოაცხადა. პარკისა და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობისთვის 14 მილიონ 851 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით, დიღმის ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.
მერია ახალ ტენდერს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. უკვე შეწყვეტილ ტენდერში კი განაცხადი 2-მა კომპანიამ წარადგინა - „გრინსერვის+“-მა, რომელიც დისკვალიფიცირდა და „ინშაათ საქართველომ“.
აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია ტენდერში გათვალისწინებულზე თითქმის ერთი მილიონი ლარით ნაკლები თანხით მონაწილეობდა.