"დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ შეხვედრაზე რუსეთის მიწვევა-არმიწვევის საკითხმა ყველაზე მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიწვევის მომხრეა, დანარჩენი ლიდერები კი მას არ ეთანხმებიან.
"არიან ადამიანები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ რუსეთი დაბრუნდეს. ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიოში ბევრი რამისთვის სასარგებლო იქნება. არიან ისინი, ვინც მე მეთანხმება. ჩვენ ამას განვიხილავთ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ჩვენ განვიხილეთ რუსეთის საკითხი - გვინდა მისი მოწვევა თუ არა", - განაცხადა აშშ პრეზიდენტმა.
სამიტზე მყოფი დიპლომატების განცხადებით, ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთის ყოფნა შეხვედრაზე სასარგებლო იქნებოდა, მაგალითად, სირიისა და ირანის საკითხების განხილვის დროს, სადაც ის საკვანძო მოთამაშეა.
"საუბარი დაიძაბა იმ თემაზე საუბრისას, რომ "დიდი შვიდეული" ლიბერალური დემოკრატიების კლუბია. ეს თვალსაზრისი ტრამპმა არ გაიზიარა", - განაცხადა ჩინოვნიკმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
სხვა ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ჯერ ძალიან ადრეა რუსეთის ამ ჯგუფში დაბრუნება.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიაჩნია, რომ "დიდი რვიანის" აღდგენა რუსეთის მონაწილეობით მანამ, სანამ უკრაინის კონფლიქტი არ მოგვარებულა, სისუსტის გამოვლინება იქნებოდა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ.