"დიდი შვიდეული" - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდა - Palitra News

"დიდი შვიდეული" - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდა

2021-05-06 09:49:02+04:00

“ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ნეგატიური ფორმა გრძელდება”, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერსაქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ხაზს უსვამენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ ყველა პარტნიორს, რომლებიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ.

განცხადებაში ალექსეი ნავალნიზეცაა საუბარი.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების, ოპოზიციაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებზე „სისტემატური ზეწოლის განხორციელების გამოც".

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამდღიან სამიტს ლონდონმა უმასპინძლა.