დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადავადებას მხარი დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, Brexit-ის თარიღად 29 მარტი იყო დადგენილი. აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ბრიტანეთის მთავრობამ მას შემდეგ გამოიტანა, რაც პარლამენტმა მეორედ არ დაამტკიცა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეული შეთანხმება Brexit-ის თაობაზე.
ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტამდე, რომელიც 21-22 მარტს გაიმართება, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში მესამედ გაიმართება კენჭისყრა ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე. თუ ბრიტანელი პარლამენტარები მხარს დაუჭერენ აღნიშნულ შეთანხმებას, მაშინ Brexit-ის თარიღის 30 ივნისისთვის გადავადება გახდება შესაძლებელი.