დიდი ბრიტანეთის ელჩმა აშშ-ში თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ ელჩის, კიმ დაროქის ელექტრონული მიმოწერების შესახებ გასაჯაროვებული ინფორმაცია გახდა. კერძოდ, გასაჯაროვებულ წერილებში ელჩი ტრამპის ადმინისტრაციას შეუფერებელს უწოდებს.
აღნიშნულს თავად თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი მალევე გამოეხმაურა და ელჩი მკაცრად გააკრიტიკა. უფრო მეტიც აშშ-ის პრეზიდენტმა დიპლომატს „სულელი კაცი“ და „ექსცენტრული ელჩი“ უწოდა.
"მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე მქონდა ვადა ამ პოსტზე ვყოფილიყავი, მიმაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში უმჯობესი იქნება თუ ახალი ელჩი დაინიშნება აშშ-ში", - განაცხადა კიმ დაროქმა და თანამდებობა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გასაჯაროვებული წერილებისა, ბრიტანეთის ელჩს პრემიერ ტერეზა მეის სრული მხარდაჭერა ჰქონდა.