დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი ირანს მოუწოდებენ დათანხმდეს მსოფლიო ლიდერებთან ახალ მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამას გარდა, სამი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასზმაზე პასუხისმგებელი ირანია. თავდაპირველად თეირანს მხოლოდ ვაშინგტონი ადანაშაულებდა, თუმცა, ახლა აშშ-ის მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.
"არ არსებობს სხვა დამაჯერებელი ახსნაგანმარტება თავდასხმის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მომხდარზე გამოძიების ჩატარებას, რათა დამატებითი დეტალები გახდეს ცნობილი", - განაცხადეს ევროპელმა ლიდერებმა.
აღნიშნულ განცხადებებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ტვიტერზე გამოეხმაურა. მან გამორიცხა ნებისმიერი ახალი დისკუსიის გამართვა და საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.