დიდ ბრიტანეთში რვაფეხები, კიბორჩხალები, ლობსტერები და ყველა სხვა ათფეხა კიბოსებრთა რიგი (დეკაპოდი) და თავფეხა მოლუსკები (ცეფალოპოდი) ცხოველთა დაცვის კანონმდებლობის თანახმად, გონიერ არსებებად გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი ხერხემლის მქონე ყველა ცხოველს გონიერ არსებებად უკვე აღიარებს. თუმცა ეს არ იმოქმედებს არსებულ კანონმდებლობაზე ან ისეთ ინდუსტრიულ პრაქტიკაზე, როგორიც არის თევზჭერა.
The Guardian წერს, რომ ამ ცხოველების გონივრულ არსებებად აღიარების შემდეგ, ქვეყანაში შესაძლოა, მათი ცოცხლად მოხარშვა აიკრძალოს. Daily Mail-ის ცნობით, დღეისთვის ასეთი ცხოველების ცოცხლად მოხარშვა შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ახალ ზელანდიაში აკრძალულია.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოხარშვამდე ამ მოლუსკის ელექტრო იარაღით გათიშვა ან მათი გაყინვა უფრო ჰუმანური მეთოდი იქნებოდა.