საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ახალი აღმასრულებელი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება იგეგმება. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის შეთანხმებას სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესახებ ხელი უკვე მოეწერა. სამაგისტრო პროგრამა ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებული საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი პირებისთვის არის განსაზღვრული. მასში ასევე ინტეგრირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“, რომელიც თავდაცვის უწყების გენერლის, პოლკოვნიკისა და ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მოსამსახურეებისთვისაა განსაზღვრული. პროგრამის გავლის შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროს უწყებებში დასაქმებულ სამოქალაქო პირებსაც.