დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება ძალიან წარმატებული რეფორმაა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ. შედეგად კი, კომპანიები მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, იმპორტის უფრო აქტიურად ჩანაცვლებასა და საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეძლებენ. მთავრობის მეთაურმა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ახალ საბაჟო კოდექსში, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ბევრი ცვლილებაა შეტანილი, რომელიც მათ შორის საბაჟო მონაცემების 100%-ის გაციფრულებას მოიცავს.