დღეს უკვე ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი ბრედ პიტი მსახიობთა იმ კატეგორიას მიეკუთნება, რომელთაც მუდმივად უწევთ მტკიცება, რომ პოპულარობა და მსოფლიო აღიარება არა გარეგნობის, არამედ ნიჭის წყალობით მოიპოვეს. რა თქმა უნდა, მამაკაცური სილამაზე - საკამათო მცნებაა, თუმცა შეიძლება ითქვას რომ პიტის შემთხვევაში არავინ კამათობს.
ჰოლივუდელი კოლეგების მსგავსად, პიტმაც ნაკლებად შესამჩნევი ეპიზოდური როლებით და ტელესერიალებში მონაწილეობით დაიწყო კარიერა. მართალია, 24 წლის ასაკში მისურის შტატის პროვინციული სპრინგფილდიდან ლოს-ანჯელესში გადაბარგებული ახალგაზრდა დარწმუნებული იყო, რომ სწრაფად დაიმკვიდრებდა ადგილს კინოინდუსტრიაში, მაგრამ მწვავე კონკურენციამ და მასავით მეოცნებე ახალბედების სიმრავლემ ილუზიებთან დამშვიდობება აიძულა. მოლოდინის მიუხედავად, პიტმა, რომელიც სერიოზულ დრამატულ ფილმებზე მუშაობას ნატრობდა, მხოლოდ სერიალში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო.
პიტის დებიუტი 1987 წელს შედგა ე.წ. საპნის ოპერაში „დალასი“, რომელიც 12 წლის მანძილზე მოუთხრობდა მაყურებელს შეძლებული ტეხასური ოჯახის მრავალრიცხოვანი წევრების ცხოვრებაზე. სწორედ პოპულარულ სერიალში გამოჩნდა პიტი პირველად, როცა თავქარიანი რენდი განასახიერა.