საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პირველ ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს გამოაბრძანებენ და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.