გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა. პატრიარქმა დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს: „წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“,-ბრძანა უწმინდესმა. ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.