ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს 7 აპრილს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.