დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 6 000 ტონაზე მეტი ატამია ექსპორტირებული. დაკრეფილი მოსავლის რაოდენობა კი 16 ათასს აჭარბებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთში ქართული ატმის ექსპორტი არ შეფერხებულა, თუმცა ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო არეალი. კერძოდ: მოსავლის დიდი ნაწილი იგზავნება აზერბაიჯანში. პროდუქტი ასევე გადის სომხეთის, უკრაინისა და ქუეთის ბაზრებზეც. ატმის წლევანდელი მოსავლითა და რეალიზაციით კმაყოფილი არიან ფერმერებიც. მათივე თქმით, მოკრეფილი ატმის ნახევარზე მეტი უკვე ჩააბარეს. 1 კილოგრამი ატამი სულ მცირე ერთ ლარად და ლარად და 20 თეთრად იყიდება, შარშან ამ დროს კი მისი ფასი 70-80 თეთრი იყო. ამასთან, ფერმერები იმედოვნებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით გააძლიერებს მუშაობას. ცნობისთვის, დღეისათვის კახეთის რეგიონში 9 სამაცივრე მეურნეობა აქტიურად ფუნქციონირებს.