დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება. საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა.