14 თებერვლიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. შემოწმება 3 ეტაპად განახორციელდება. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და მათ შესასრულებლად ყველა მფლობელს გონივრული ვადა მიეცემა. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს მოახდენს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა დაექვემდებარა და სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.