საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, ბლოკ- პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალები მოიხსნება.
უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს ეკონომიკის გახსნისა და ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.
საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.